1. განმარტებები
1.1. საერთაშორისო გადარიცხვა - გადამხდელის მიერ ინიცირებული გადამხდელის ფულადი სახსრების გადარიცხვა: 1) მიმღების ანგარიშზე, რომელიც გახსნილია სხვა ქვეყნის საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან; 2) ფულადი გზავნილი სხვა ქვეყანაში.
1.2. საერთაშორისო საგადახდო დავალება - გადამხდელის მიერ გაცემული საგადახდო დავალება საერთაშორისო გადარიცხვის შესასრულებლად.
1.3. ევროპული საგადახდო დავალება - საგადახდო დავალება, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:
1.3.1. ოპერაციის ვალუტა არის ევრო (EUR);
1.3.2. გადარიცხვა ხორციელდება მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან წევრ ქვეყანაში ან შვეიცარიაში;
1.3.3. მითითებულია მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საერთაშორისო SWIFT (BIC) კოდი;
1.3.4. მიმღების ანგარიშის ნომერი მითითებულია საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად;
1.3.5. გადამხდელი და მიმღები იხდიან Paysera-ს და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დაწესებული საკომისიოების კუთვნილ ნაწილს, ანუ, გადამხდელი იხდის Paysera-ს საკომისიოს, რომელიც იჭრება გადამხდელის ანგარიშიდან, ხოლო მიმღები იხდის მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საკომისიოს;
1.3.6. გადარიცხვა არის სტანდარტული ან სწრაფი.
1.4. პირობები - საერთაშორისო გადარიცხვის შესრულების წინამდებარე პირობები.
1.5. ანგარიში - გადარიცხვაში მითითებული გადამხდელის Paysera-ში არსებული ანგარიში.
1.6. გენერალური ხელშეკრულება - გადამხდელსა და Paysera-ს შორის გაფორმებული მომსახურების გენერალური ხელშეკრულება.
1.7. შუამავალი ბანკი - ინსტიტუტი (მაგ. კორესპონდენტი ბანკი/საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც Paysera-თან ერთად მონაწილეობს გადარიცხვის შესრულებაში, საგადახდო სისტემის ოპერატორი რომელიც Paysera-სთან ან მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, მონაწილეობას იღებს გადარიცხვის შესრულებაში ან/და გადარიცხვის ოპერაციის თანხის მიმღებისათვის ჩარიცხვაში/გადახდაში და არ არის Paysera ან მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი.
1.8. მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - ინსტიტუტი, რომელიც ახორციელებს საგადახდო მომსახურებას და რომელშიც გადაირიცხება გადამხდელის სახსრები.
1.9. სამუშაო დღე - დღე, როდესაც Paysera, შუამავალი ბანკი და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ახორციელებენ საერთაშორისო გადარიცხვის ოპერაციებს. ამასთან, შესაძლოა Paysera-ს, შუამავალი ბანკისა და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სამუშაო დღეები განსხვავდებოდეს.
1.10. წევრი ქვეყანა - ქვეყანა, რომელიც არის ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური არეალის წევრი (EEA).
1.11. უცხო ქვეყანა - ქვეყანა გარდა საქართველოსი, რომელიც არ არის ევროკავშირის ან ევროპული ეკონომიკური არეალის (EEA) წევრი.
1.12. გამოთხოვა - გადამხდელის მოთხოვნა საგადახდო დავალების გაუქმებასა და გადარიცხული თანხების გადამხდელის ანგარიშზე დაბრუნებაზე.
1.13. დაზუსტება - გადამხდელის მოთხოვნა გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული რეკვიზიტების დაზუსტებაზე ან შეცვლაზე.
1.14. ტარიფები - მომსახურებასა და ოპერაციებისათვის Paysera-ს მიერ დადგენილი ტარიფები.
1.15. Paysera - სს “პეისერა ბანკი საქართველო” (საიდენტიფიკაციო ნომერი 402204841).
1.16. გადამხდელი - კლიენტი გენერალური ხელშეკრულების შესაბამისად.
წინამდებარე პირობებით განსაზღვრული მომსახურებით სარგებლობისას, გადამხდელი მოქმედებს გენერალური ხელშეკრულებისა და წინამდებარე დანართში მოცემულ პირობების ფარგლებში. წინამდებარე დანართში გამოყენებულ ტერმინებს აქვს გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ აღნიშნულ დანართში სხვა რამ არ არის მითითებული.
2. ზოგადი დებულებები
2.1. გადამხდელი პასუხისმგებელია საგადახდო დავალებით Paysera-თვის მიწოდებული რეკვიზიტების სისწორესა და სისრულეზე და ეთანხმება წინამდებარე პირობებს.
2.2. გადამხდელის მიერ წარდგენილ საგადახდო დავალებას Paysera ასრულებს წინამდებარე პირობების, გენერალური ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.3.საგადახდო დავალების წარდგენა, მისი გამოთხოვა ან შესწორება ხორციელდება წერილობითი ფორმით (ელექტრონულად ან Paysera-თვის მისაღები სხვა გზით).
2.4. ფულადი სახსრების გადარიცხვის დავალება განიხილება Paysera-სა და გადამხდელს შორის არსებულ ცალკე გარიგებად, რომელიც მოქმედებს ამ კონკრეტული გადარიცხვის მიმართ.
3. საგადახდო დავალების შესრულების პირობები და პროცედურები
3.1. Paysera-ს მიერ საგადახდო დავალების შესრულება ხორციელდება ტარიფებში მითითებულ ვადაში.
3.2. Paysera არ აგებს პასუხს, თუ საგადახდო დავალება არ შესრულდა გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში არასწორი ან არასრული მონაცემების მითითების გამო. Paysera ასევე არ აგებს პასუხს მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დაშვებულ შეცდომაზე ან/და თანხის მიმღების ანგარიშზე დაგვიანებით ჩარიცხვაზე, ან როდესაც გადამხდელი საგადახდო დავალებაში არ უთითებს მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მოთხოვნილ მონაცემებს, რომელიც აუცილებელია მიმღების ანგარიშზე თანხების ჩასარიცხად.
3.3. Paysera პასუხს არ აგებს საგადახდო დავალების შესრულებისას შუამავალი ბანკის ან მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დაშვებულ შეცდომებსა და მათ მუშაობის წესებზე, ისევე როგორც საგადახდო დავალების შეუსრულებლობასა ან არასათანადო შესრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადარიცხვა არ შესრულდა ან შესრულდა არასათანადოდ Paysera-ს ბრალით.
3.4. Paysera არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც წარმოეშვება გადამხდელს გადარიცხვის შესრულებისას ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების გამო.
4. საგადახდო დავალების დაზუსტება და გამოთხოვა
4.1. გადამხდელს შეუძლია გამოითხოვოს საგადახდო დავალება, მაგრამ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა და შესაბამისი საკომისიო გადამხდელის ანგარიშზე დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1) Paysera-ს ჯერ არ აქვს გაგზავნილი შეტყობინება საგადახდო დავალების შესახებ მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ან შუამავალი ბანკისთვის; 2) მიმღებს არ მიუღია თანხა (მხოლოდ ფულადი გზავნილის შემთხვევაში). სხვა შემთხვევაში, გადამხდელის მოთხოვნის შესაბამისად, Paysera-ს შეუძლია დაუკავშირდეს შუამავალ ბანკს ან მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს საგადახდო დავალების გამოთხოვასთან დაკავშირებით, თუმცა, Paysera არ იძლევა საგადახდო დავალების გამოთხოვის გარანტიას. ასეთ შემთხვევაში, შუამავალი ბანკის ან/და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ, შესაძლებელია დაწესებული იყოს დამატებითი საკომისიო. აღნიშნულ შემთხვევაში, საგადახდო დავალება შესაძლებელია გამოთხოვილ იქნას მხოლოდ Paysera-სა და გადამხდელს შორის შეთანხმების შემთხვევაში.
4.2. გადამხდელს შეუძლია მოითხოვოს საგადახდო დავალებაში მითითებული მონაცემების დაზუსტება (მიმღების სრული სახელი და გვარი, სახელწოდება), გარდა თანხის ოდენობის, ვალუტის და საგადახდო დავალებაში მითითებული ანგარიშისა, რომელთა ცვლილება არ ხორციელდება. თუ გადამხდელმა საგადახდო დავალებაში არასწორად მიუთითა თანხა, ვალუტა ან ანგარიშის ნომერი, მან უნდა მიმართოს Paysera-ს თანხის უკან დაბრუნებისა და ახალი გადარიცხვის შესრულების მოთხოვნით. Paysera წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ახორციელებს საგადახდო დავალების დაზუსტებას თუ: 1) საგადახდო დავალების დაზუსტების მოთხოვნის მიღებამდე, Paysera-ს მიერ არ განხორციელებულა მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის ან შუამავალი ბანკისათვის საგადახდო დავალების შესახებ შეტყობინების გაგზავნა; 2) მიმღებს არ მიუღია თანხა (მხოლოდ ფულადი გზავნილების შემთხვევაში). თუ თანხა უკვე ჩამოჭრილია Paysera-ს საკორესპონდენტო ანგარიშიდან ან/და შეტყობინება საგადახდო დავალების შესახებ უკვე გაეგზავნა მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან/და შუამავალ ბანკს, Paysera შესწორების საჭიროების შესახებ აცნობებს მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან შუამავალ ბანკს, მაგრამ პასუხს არ აგებს შესწორება/არშესწორებაზე, რადგან ამ შემთხვევაში, შესწორების განხორციელება დამოკიდებულია მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა ან შუამავალ ბანკში მოქმედ მოთხოვნებზე და მიმღების თანხმობაზე.
4.3. ევროპულო საგადახდო დავალების შემთხვევაში, დაზუსტება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების დაზუსტების მოთხოვნის მიღებამდე, Paysera-ს მიერ არ განხორციელებულა მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის ან შუამავალი ბანკისათვის საგადახდო დავალების შესახებ შეტყობინების გაგზავნა.
5. საკომისიო გადასახადები
5.1. საგადახდო დავალების შესრულების, გაუქმების, შესწორების, ასევე სხვა მომსახურებისა და ოპერაციებისათვის, გადამხდელი იხდის Paysera-ს მომსახურების მიღების ან ოპერაციის შესრულების მომენტში მოქმედი ტარიფებით განსაზღვრულ საკომისიოს, გარდა Paysera-ს მიერ შუამავალ ბანკთან ან მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევებისა. საკომისიოს გადახდა ხორციელდება გენერალური ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადაში, თანხის ანგარიშიდან ჩამოჭრის გზით. გადამხდელი ანიჭებს Paysera-ს უფლებას გადამხდელის დამატებითი თანხმობის გარეშე, გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით, ჩამოწეროს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული საკომისიო გადამხდელის სხვა ანგარიშებიდანაც.
5.2. ტარიფებში ასახული არჩევანის შესაბამისად და წინამდებარე პირობების 6.3 მუხლით განსაზღვრული წესით, გადამხდელს უფლება აქვს აირჩიოს თუ ვინ გადაიხდის საგადახდო დავალების შესრულებისთვის Paysera-ს, შუამავალი ბანკისა და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დაწესებულ საკომისიოს: გადამხდელი და მიმღები ან მხოლოდ გადამხდელი.
5.3. თუ შუამავალი ბანკის და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საკომისიოს იხდის გადამხდელი და საგადახდო დავალების შესასრულებლად გადამხდელის მიერ გადახდილი თანხა საკმარისი არ არის შუამავალი ბანკისა და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საკომისიოს გადახდისათვის, გადამხდელი Paysera-ს ანიჭებს უფლებას, გადამხდელის დამატებითი თანხმობის გარეშე, შუამავალი ბანკისა და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კუთვნილ საკომისიოსა და Paysera-ს მიერ გადახდილ საკომისიოს თანხას შორის სხვაობა, ჩამოჭრას ანგარიშიდან ან/და Paysera-ში არსებული გადამხდელის სხვა ანგარიშიდან, გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
5.4. თუ საგადახდო დავალება ბრუნდება Paysera-საგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (მაგ. მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, შუამავალი ბანკის ან გადამხდელის მიზეზით, საგადახდო დავალებაში მითითებული არასწორი ან არასრული მონაცემების გამო და ა.შ.), საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა ბრუნდება ანგარიშზე, მაგრამ გადამხდელის მიერ გადახდილი საკომისიო არ ანაზღაურდება და(ან) საგადახდო დავალების შესრულების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს და(ან) პროცენტის გადამხდელისათვის გადახდა არ ხორციელდება და გადამხდელს ანგარიშიდან ეჭრება თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯი, გარდა Paysera-ს მიერ შუამავალ ბანკთან ან მიმღების საგადახდო მოსახურების პროვაიდერთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. საგადახდო დავალების შევსება
6.1.საგადახდო დავალება უნდა შეივსოს სისტემაში მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად.
6.2 ვალუტის კოდი ეთითება სისტემაში გამოყენებული სტანდარტის მიხედვით.
6.3 საგადახდო დავალების ველში “საკომისიოს ტიპი" :
6.3.1. თუ გადამხდელი აირჩევს საკომისიოს გადახდის განაწილებას (SHA), გადამხდელი იხდის Paysera-ს მიერ დაწესებულ საკომისიოს, რომელიც ჩამოიჭრება ანგარიშიდან, ხოლო მიმღები იხდის მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დაწესებულ საკომისიოს, რომელიც შესაძლოა ჩამოიჭრას მიმღებისთვის გადარიცხული თანხიდან. თუ გადარიცხვა ხორციელდება წევრი ქვეყნის ვალუტაში უცხო ქვეყანაში არსებულ ანგარიშზე ან უცხო ქვეყნის ვალუტაში, მიმღები ასევე იხდის შუამავალი ბანკის საკომისიოს, რომელიც შესაძლოა ჩამოიჭრას გადარიცხული თანხიდან. წინამდებარე გადახდის ტიპი სავალდებულოდ გამოიყენება, როდესაც გადარიცხვა ხორციელდება წევრი ქვეყნის ვალუტაში წევრ ქვეყანაში არსებულ ანგარიშზე.
6.3.2. თუ გადამხდელი ირჩევს ყველა საკომისიოს გადახდას (OUR), გადამხდელი იხიდს Paysera-ს, შუამავალი ბანკისა ან/და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დაწესებულ საკომისიოს, რომელიც ჩამოიჭრება ანგარიშიდან. Paysera არ აგებს პასუხს თუ შუამავალი ბანკი ან/და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ასრულებენ Paysera-ს ინსტრუქციებს ან Paysera-საგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზების გამო, საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა სრულად არ ჩაირიცხება მიმღების ანგარიშზე (არ გახდება ხელმისაწვდომი მიმღებისათვის). წინამდებარე გადახდის ოპცია შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადარიცხვა ხორციელდება წევრი ქვეყნის ვალუტაში უცხო ქვეყნაში არსებულ ანგარიშზე ან უცხო ქვეყნის ვალუტაში;
6.3.3. თუ გადამხდელი არ ირჩევს გადახდის არცერთ ტიპს, ითვლება, რომ Paysera-ს, შუამავალი ბანკის ან/და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საკომისიოები იყოფა გადამხდელსა და მიმღებს შორის (SHA).
6.4. "გადარიცხვის ტიპის" ველში გადამხდელი უთითებს ტარიფებში მოცემულ შემდეგი გადარიცხვის ერთ-ერთ ტიპს: "სტანდარტული" და "სწრაფი". თუ არცერთი ვარიანტი არ იქნა არჩეული, მიიჩნევა, რომ გადახდის ტიპი "სტანდარტულია".
6.5. "გადახდის დანიშნულების" ველში, გადამხდელი უთითებს გადარიცხვის დანიშნულებას და სხვა დამატებით ინფორმაციას საგადახდო დავალების შესახებ.
6.5.1. თუ სისტემაში მოცემული ინსტრუქციები, კონკრეტულ შემთხვევაში (მაგ. ანგარიშის შევსების დროს), გადახდის დანიშნულების ველში მოითხოვს კონკრეტული მონაცემის მითითებას, გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს ინსტრუქციები და მიუთითოს შესაბამისი მონაცემი (მაგ. Paysera ანგარიშის ნომერი). წინააღმდეგ შემთხვევაში, Paysera არ აგებს პასუხს საგადახდო დავალების შესრულებაზე.
6.5.2.რუსეთის ფედერაციაში გადარიცხვაზე საგადახდო დავალების წარმოდგენისას, გადამხდელმა უნდა მიუთითოს სავალუტო ოპერაციის კოდი (VO) (5 ციფრი), რომელიც შეირჩევა გადახდის დანიშნულების შესაბამისად კოდების ცხრილიდან: კოდები VO.
6.6. რეკომენდირებულია, გადამხდელმა შეავსოს ველი "მიმღების კორესპონდენტი ბანკი" თუ გადარიცხვა სრულდება ვალუტაში რომელიც არ არის მიმღების ქვეყნის ეროვნული ვალუტა.
6.7. საგადახდო დავალება წარმოდგენილი უნდა იყოს გადამხდელის ან გადამხდელის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
6.8. თუ გადარიცხვა ხორციელდება წევრ ქვეყანაში ან შვეიცარიაში არსებულ ანგარიშზე, რეკომენდირებულია, გადამხდელმა ყოველთვის მიუთითოს მიმღების IBAN სტანდარტის ანგარიშის ნომერი და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საერთაშორისო კოდი SWIFT (BIC).
6.9.გადამხდელისათვის ცნობილია და ადასტურებს, რომ თუ თანხა ირიცხება წევრ ქვეყანაში ან შვეიცარიაში არსებულ ანგარიშზე და საგადასახადო დავალებაში არ არის მითითებული მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის BIC (SWIFT) კოდი ან მიმღების ანგარიშის IBAN სტანდარტის ნომერი, Paysera თავისი შეხედულებისამებრ, უფლებამოსილია უარი თქვას აღნიშნული გადარიცხვის შესრულებაზე ან შეასრულოს ის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ნება დართოს შუამავალ ბანკს ან/და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს დააწესოს უფრო მაღალი საკომისიო გადასახადი. აღნიშნულ შემთხვევაში, გადამხდელი უფლებამოსილებას ანიჭებს Paysera-ს, გადამხდელის დამატებითი თანხმობის გარეშე, გადამხდელის ანგარიშიდან ჩამოჭრას შუამავალი ბანკის ან/და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დაწესებული აღნიშნული მაღალი მაკომისიო (დამატებითი საკომისიო), გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამოსად.
6.10. წევრი ქვეყნის ვალუტაში წევრ ქვეყანაში, წევრი ქვეყნის ვალუტაში უცხო ქვეყანაში ან უცხო ქვეყნის ვალუტაში, ფულადი გზავნილის განხორციელებაზე საგადახდო დავალების სათანადოდ შევსებისას, ყოველ ასეთ გადარიცხვას ენიჭება ოპერაციის უნიკალური ნომერი (თანხის განაღდების კოდი). გადამხდელს ეკისრება პასუხისმგებლობა აცნობოს მიმღებს აღნიშნული გადარიცხვის და მინიჭებული კოდის შესახებ. ნაღდი ფული გაცემა ხორციელდება მიმღების მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა ან/და მიმღების უფლებამოსილების დადგენის მიზნით, Paysera-ს სხვა მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, Paysera-ს უფლება აქვს ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებით, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.