Pdf
Back to content

Published on: 27.11.2024

გადახდის ინიციირებისა და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების წესები

გადახდის ინიციირებისა და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების წესები

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესები შედგენილია საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონისა და ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების შესაბამისად. წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ქვემოთ მოცემული მნიშვნელობა.

ანგარიშსწორება − ოპერაცია, რომლის შედეგადაც ხდება სისტემის მონაწილეებს შორის შესაბამის ფულად სახსრებზე ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებზე საკუთრების უფლების გადაცემა;

გადახდის ინიციირების მომსახურება (PIS) − საგადახდო მომსახურების მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული საგადახდო ანგარიშიდან საგადახდო დავალების ინიციირების მომსახურება;

ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება (AIS) − ერთ ან ერთზე მეტ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული საგადახდო მომსახურების მომხმარებლის ერთი ან ერთზე მეტი საგადახდო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად განკუთვნილი ონლაინ მომსახურება;

ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი − საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც გადამხდელს უზრუნველყოფს საგადახდო ანგარიშით და უწევს ამ ანგარიშით მომსახურებას;

გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი / Paysera − სს „პეისერა ბანკი საქართველო“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 402204841, საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაცემული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის N465 განკარგულებით, მისამართი საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, აკაკი წერეთლის გამზირი N4/2, ელ.ფოსტის მისამართი [email protected]), რომელიც ახორციელებს გადახდის ინიციირების მომსახურებას წინამდებარე წესების შესაბამისად;

გადამხდელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საგადახადო ანგარიშ(ებ)ი სხვა საგადახადო მომსახურების პროვაიდერთან და რომელიც გასცემს აღნიშნული ანგარიშებზე საგადახადო დავალებას ან/და ეთანხმება საგადახდო დავალების გაცემას წინამდებარე წესებში აღწერილი გადახდის ინიციირების სერვისის გამოყენებით;

მიმღები (მერჩანტი) – პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება გადახდის ოპერაცია;

გადახდის ოპერაცია − გადამხდელის ან მიმღების მიერ ინიციირებული ფულადი სახსრების განთავსების/ჩარიცხვის, გადარიცხვის ოპერაცია;

ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი / Paysera − საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ახორციელებს საგადახდო ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურებას - სს “პეისერა ბანკი საქართველოსა” (საიდენტიფიკაციო ნომერი 402204841, საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაცემული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის N465 განკარგულებით, მისამართი საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, აკაკი წერეთლის გამზირი N4/2, ელ.ფოსტის მისამართი [email protected]);

უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები − პერსონიფიცირებული მახასიათებლები, რომლებსაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი აწვდის საგადახდო მომსახურების მომხმარებელს ავთენტიფიკაციის მიზნით.

სენსიტიური საგადახდო მონაცემი − მონაცემები, მათ შორის, უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია თაღლითური ოპერაციის განხორციელება. გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისა და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერის მიერ განხორციელებული მომსახურებისთვის საგადახდო ანგარიშის მფლობელის სახელი და საგადახდო ანგარიშის ნომერი არ წარმოადგენს სენსიტიურ საგადახდო მონაცემს;

საკომისიო − საკომისიო, აგრეთვე მომხმარებლის ნებისმიერი სახის ფულადი ვალდებულება, რომლებიც შინაარსობრივად პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის საფასურს წარმოადგენს;

საგადახდო ანგარიში − მომხმარებლის სახელზე არსებული ანგარიში, რომელიც გამოიყენება გადახდის ოპერაციების შესასრულებლად;

საგადახდო დავალება – გადამხდელის ან მიმღების მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის, მათ შორის გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის მეშვეობით, მიცემული დავალება გადახდის ოპერაციის განხორციელების თაობაზე;

ავთენტიფიკაცია − პროცედურა, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერს საშუალებას აძლევს, მოახდინოს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის ამოცნობა/იდენტობის დადგენა ან საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების ვალიდურობის დადგენა, რომელიც, მათ შორის, მოიცავს გამოყენებული უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების შემოწმებას;

ღია კავშირის ინტერფეისი - საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერებსა და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების პროვაიდერებს შორის კავშირის შენარჩუნებისთვის განკუთვნილი საჯაროდ ხელმისაწვდომი ტექნიკური ინტერფეისი, რომელიც წარმოადგენს მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების უსაფრთხო და ეფექტიანი გადაცემის არხს.

წესები - წინამდებარე გადახდის ინიციირებისა და ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მომსახურების წესები.

გადახდის ინიციირების მომსახურებისა და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების ზოგადი მახასიათებლები

1. წინამდებარე წესები უზრუნველყოფს გადახდის ინიციირების მომსახურებისა და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების ფუნქციონირებას Paysera-ს სისტემაში, განსაზღვრავს გადახდის ინიციირების მომსახურებისა და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების მთავარ მახასიათებლებს, არეგულირებს გადამხდელისთვის გადახდის ინიციირების მომსახურებისა და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების მიწოდების მიზნით და მის ფარგლებში გადამხდელის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

2. Paysera-ს მიერ მოწოდებული გადახდის ინიციირების მომსახურება საშუალებას აძლევს გადამხდელს აირჩიოს სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული საგადახდო ანგარიში, საიდანაც გადამხდელს სურს საგადახდო დავალების ინიცირება Paysera-ს მიერ მხარდაჭერილი ღია კავშირის ინტერფეისის მეშვეობით.

3. Paysera-ს მიერ მოწოდებული გადახდის ინიციირების მომსახურების გამოყენებით, გადამხდელს აქვს შესაძლებლობა დააინიციროს გადახდის ოპერაცია და გასცეს თანხმობა (გადახდის ოპერაციის ავტორიზაცია) Paysera-ს მიერ გენერირებულ და გადახდის ინიციირების მომსახურების საშუალებით ანგარიშის მომსახურე პროვაიდერისათვის შესასრულებლად გაგზავნილ გადამხდელის საგადახდო დავალებაზე.

4. გადახდის ინიციირების მომსახურებით სარგებლობისთვის Paysera გადამხდელისთვის არ აწესებს რაიმე სახის საკომისიოს. წინამდებარე წესების საფუძველზე გადამხდელი ინფორმირებულია, რომ გადახდის ინიციირების მომსახურებით სარგებლობისას მას შეიძლება დაეკისროს გადარიცხვის ოპერაციისთვის მისი (გადამხდელის) ანგარიშის მომსახურე პროვაიდერის მიერ დაწესებული სტანდარტული საკომისიოს გადახდა, რომელსაც გადამხდელის პროვაიდერი აწესებს გადამხდელისთვის გარკვეული ტიპის ოპერაციებისთვის. თუ გადამხდელის პროვაიდერი Paysera-ს წინასწარ აცნობებს ამგვარი საკომისიოს არსებობისა და მოცულობის შესახებ, საგადახდო დავალების დადასტურებამდე Paysera აცნობებს აღნიშნულ ინფორმაციას გადამხდელს.

გადახდის ინიციირების მომსახურების და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების ოპერაციების დეტალური აღწერა

5. გადახდის ინიციირების მომსახურება ხორციელდება მხოლოდ გადამხდელის თანხმობით, წინამდებარე წესების შესაბამისად. თანხმობის განცხადებამდე გადამხდელს ნათლად და ერთმნიშვნელოვნად ეცნობება, რომ Paysera-ს მიერ გადახდის ინიციირების მომსახურება ხორციელდება წინამდებარე წესების შესაბამისად და აღნიშნული მომსახურების მისაღებად საჭიროა მისი თანხმობა, რომელიც, გადამხდელის ტექნიკური ინტეგრაციის მიხედვით, გამოხატული უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედებით: (ა) ახალ ფანჯარაში თანხმობის ღილაკზე დაჭერით; (ბ) სხვაგვარად, აქტიურად ქმედებით, გადახდის ინიციირების მომსახურების არჩევით და ამგვარად თანხმობის გამოხატვით. გადამხდელი ასევე ადასტურებს გაცემულ თანხმობას შემდგომი მოქმედებებით: თავისი ანგარიშის მომსახურე პროვაიდერის ელექტრონულ საბანკო სისტემაში შესვლისას საკუთარი მონაცემების შეყვანით და Paysera-ს მიერ გენერირებული საგადახდო დავალების დადასტურებით.

6. გადამხდელი, რომელმაც გასცა თანხმობა გადახდის ინიციირების მომსახურებაზე, Paysera-ს მიერ მხარდაჭერილი ღია კავშირის ინტერფეისის მეშვეობით უკავშირდება თავისი ანგარიშის მომსახურე პროვაიდერის ელექტრონულ საბანკო სისტემას და გადის ავტორიზაციას თავისი მონაცემების შეყვანით. ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომსახურე პროვაიდერის საბანკო სისტემაში ავტომატურად გენერირდება საგადახდო დავალება, რომელიც ინიციირებულია გადამხდელის სახელით. აღნიშნული ფუნქციის შესრულებისას Paysera არ მოიპოვებს წვდომას, არ აგროვებს, არ ინახავს და სხვაგვარად არ ამუშავებს გადამხდელის მიერ მიწოდებულ ელექტრონულ საბანკო მონაცემებს (მომხმარებლის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები/მონაცემები), აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ თავად გადამხდელისა და ამ მახასიათებლების გამომშვები პირისთვის (მომსახურე პროვაიდერისათვის). ინფორმაცია, რომელსაც გადამხდელი იყენებს მომსახურე პროვაიდერის ელექტრონულ საბანკო სისტემასთან დაკავშირებისას (როგორიცაა მომხმარებლის საიდენტიფიკაციო კოდი, პაროლი, გენერირებული ერთჯერადი კოდები ან პროვაიდერის ელექტრონულ საბანკო სისტემასთან დაკავშირებისთვის საჭირო სხვა ნებისმიერი მონაცემი) არის დაშიფრული და გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადი საგადახდო დავალების ინიციირებისთვის და მხოლოდ ერთი სესიის განმავლობაში.

7. გადამხდელი, Paysera-ს გადახდის ინიციირების მომსახურების გამოყენებით, საკუთარი სახელით და ცალმხრივად აინიცირებს საგადახდო დავალების წარდგენას მის მიერ არჩეული პროვაიდერისათვის. გადამხდელს შეუძლია გამოითხოვოს საგადახდო დავალება მისი დადასტურების მომენტამდე (საგადახდო დავალების ავტორიზებამდე). გადამხდელი გამოხატავს გადახდის დავალების გაუქმების ნებას აქტიური ქმედებით, სესიის შეწყვეტითა და საგადახდო დავალების დაუდასტურებლობით (არაავტორიზებით).

8. გადახდის ინიციირების მომსახურების გამოყენებისას, მას შემდეგ რაც გადამხდელი, Paysera-ს მიერ მხარდაჭერილი ღია კომუნიკაციის ინტერფეისის მეშვეობით, დაუკავშირდება საკუთარ პროვაიდერს, Paysera-სთვის მიწოდებული მონაცემების საფუძველზე ავტომატურად გენერირდება საგადახდო დავალება, რომელშიც:

8.1. მიმღების ველში მითითებულია Paysera, ხოლო საბოლოო მიმღების შესახებ ინფორმაცია განისაზღვრება გადახდის დანიშნულების ველში;

8.2. თუ თანხის საბოლოო მიმღებს წარმოადგენს Paysera-ს მერჩანტი, გადამხდელის მიერ განხორციელებული გადახდის მარტივად იდენტიფიცრებისთვის, გადახდის მიზანი ავტომატურად განისაზღვრება აღნიშნული მერჩანტის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით;

8.3. გადასახდელი თანხის მოცულობა ავტომატურად განისაზღვრება გადახდის ინიციირებისას და დასტურდება გადამხდელის მიერ;

8.4. გადახდის ინიციირების მომსახურების ფარგლებში Paysera-ს მიერ არ განხორციელდება ოპერაციის (გადასახდელი თანხის) მოცულობის, თანხის მიმღების ან ტრანზაქციისასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების ცვლილება.

9. გადამხდელი ადასტურებს (გასცემს ავტორიზაციას) Paysera-ს მიერ ავტომატურად გენერირებულ საგადახდო დავალებას.

10. გადახდის ინიციირების მომსახურების წარმატებით განხორციელების შემდეგ, Paysera გადახდის ოპერაციის ინიციირებისა და გადახდის ოპერაციის შესრულების შესახებ ინფორმაციას აწვდის გადამხდელსა და თანხის საბოლოო მიმღებს ციფრული არხების მეშვეობით (ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელიც საშუალებას აძლევს ინფორმაციის მიმღებს შეინახოს მისთვის პირადად გამიზნული ინფორმაცია ისეთი გზით, რომ ხელმისაწვდომი იყოს სამომავლო მითითებისთვის ადეკვატური დროის პერიოდის განმავლობაში და რომელიც იძლევა შენახული ინფორმაციის უცვლელად რეპროდუქციის საშუალებას). აღნიშნული ამავდროულად ადასტურებს, რომ საგადახდო დავალება სათანადოდ იქნა ინიციირებული გადამხდელის მომსახურე პროვაიდერთან.

11. წინამდებარე წესებზე დათანხმებით, გადამხდელი აცხადებს თანხმობას Paysera-ს მიერ გადახდის ინიციირების მომსახურების გაწევისას, გადამხდელისა და თანხის საბოლოო მიმღებისთვის განხორციელებული ტრანზაქციისა და გადამხდელის მაიდენტიფიცირებელ მონაცემების მიწოდებაზე, რაც მოიცავს გადამხდელის სახელსა და გვარს (ან სახელწოდებას), პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, გადახდის თარიღს, გადახდის თანხის მოცულობას, გადახდის მიზანს/დანიშნულებას.

12. გადახდის ინიციირების მომსახურების გაწევისას, Paysera მომსახურების არც ერთ მომენტში არ ფლობს გადახდის ინიციირების მომსახურებასთან დაკავშირებულ გადამხდელის თანხებს.

პასუხისმგებლობა

13. Paysera იღებს სრულ პასუხისმგებლობას გადამხდელის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების გადამხდელის მიერ არჩეული პროვაიდერისათვის სათანადოდ წარდგენაზე, ასევე გადამხდელის მიერ ღია კავშირის ინტერფეისის მეშვეობით მომსახურე პროვაიდერის ელექტრონულ საბანკო სისტემაში შესვლისთვის გამოყენებული მონაცემების (მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები) უსაფრთხო და ეფექტიანი არხებით გადაცემაზე;

14 .თუ Paysera-ს მიერ გაწეული გადახდის ინიციირების მომსახურების ფარგლებში გადამხდელის მიერ ინიცირებული საგადახდო დავალების შესაბამისად, აღიშნული საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა ჩაირიცხება (დაკრედიტდება) მიმღების ანგარიშზე, მაგრამ რაიმე მიზეზით თანხა არ ჩამოიჭრება (დადებეტდება) და არ გადაირიცხება ან დაუბრუნდა გადამხდელს, ამგვარი თანხა ჩაითვლება გადამხდელის დავალიანებად საბოლოო მიმღების მიმართ.

15. თუ გადამხდელისთვის ცნობილი გახდება Paysera-ს მომსახურების გამოყენებით განხორციელებული არაავტორიზებული ან არასათანადოდ შესრულებული გადახდის ოპერაციის შესახებ, გადამხდელმა აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავისი ანგარიშის მომსახურე პროვაიდერს, მასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

მონაცემთა დაცვა

16. გადახდის ოპერაციების უსაფრთხოებისა და გადამხდელთა მონაცემების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მიზნით, Paysera-ს მიერ გადახდის ინიციირების მომსახურების განხორციელებისას გამოყენებული საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემები/სერვერები არ ინახავს გადამხდელის არანაირ მონაცემს, რომელიც დაკავშირებულია გადამხდელის უსაფრთხოების პერსონიფიცირებულ მახასიათებელთან (როგორიცაა უნიკალური იდენტიფიკატორები, პაროლები ან საგადახდო დავალების დადასტურების (ავტორიზაციის) კოდები). გადამხდელის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები ხელმისაწვდომია და იცვლება მხოლოდ თავად გადამხდელსა (პერსონალურ მონაცემთა სუბიექტისა) და ამ მახასიათებლების გამომშვებ მომსახურე პროვაიდერს შორის.

17. გადამხდელის ელექტრონულ საბანკო სისტემაში შესვლისთვის საჭირო ავტორიზაციის მონაცემები (უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები) გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადი სესიის ფარგლებში და მისი მიმდინარეობისას. თითოეული სესიის განმავლობაში მონაცემები იცვლება დაშიფრული სახით და უზრუნველყოფილია აღნიშნული მონაცემების დაცულობა Paysera-ს სისტემაში ნებისმიერ დროს მათი გამჟღავნების, აღდგენისა თუ გამოყენებისგან.  გადამხდელის მიერ მოთხოვნილი ქმედების დასრულებისთანავე წყდება აქტიური სესია. გადამხდელი ყოველ ჯერზე, როდესაც წარადგენს გადახდის ინიციირების მოთხოვნას, ვალდებულია ხელახლა დაადასტუროს თავისი იდენტობა მისი ანგარიშის მომსახურე პროვაიდერთან.

18. გადახდის ინიციირების მომსახურებით სარგებლობის გადამხდელის მიერ Paysera-ს სისტემაში მიწოდებული ყველა მონაცემი გადამხდელის მომსახურე პროვაიდერს გადაეცემა SSL სერტიფიკატით დაცული უსაფრთხო არხის მეშვეობით. შესაბამისად, გადამხდელის მომსახურე პროვაიდერის ელექტრონულ საბანკო სისტემაში შესვლის მონაცემები და საგადახდო დავლების დადასტურებისას (ავტორიზაციის) გამოყენებული კოდები რჩება უსაფრთხოდ და დაცულია მესამე პირთა ხელყოფისგან.

19. გადახდის ინიციირების მომსახურების მიწოდების მიზნით, Paysera-ს სისტემაში შეიძლება დამუშავდეს გადამხდელის შემდეგი მონაცემები (მათ შორის პერსონალური მონაცემები): სახელი და გვარი (ან სახელწოდება), პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, გადახდის თარიღი, გადახდის თანხის მოცულობა, გადახდის მიზანი/დანიშნულება, ელ. ფოსტის მისამართი, IP მისამართი, გადამხდელის ანგარიში.

20. Paysera გადამხდელის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საგადახდო მომსახურების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესების (რომლის მხარესაც წამოადგენს მონაცემთა სუბიექტი) საფუძველზე და გადახდის ინიციირების მომსახურების მიწოდების მიზნით.

21. Paysera გადამხდელის მონაცემებს (მათ შორის პერსონალურ მონაცემებს) ამუშავებს შემდეგი დებულებების შესაბამისად:

21.1.Paysera უზრუნველყოფს, რომ გადახდის ინიციირების მომსახურების მიწოდების დროს გადამხდელის შესახებ მიღებული ინფორმაცია დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით და პირობებით, რომლებიც აუცილებელია მომსახურების გასაწევად ან/და კანონმდებლობის მოთხოვნათა დასაცავად;

21.2.Paysera არ ინახავს გადამხდელის სენსიტიურ საგადახდო მონაცემებს;

21.3.Paysera უზრუნველყოფს, რომ გადამხდელის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები არ იყოს ხელმისაწვდომი სხვა ნებისმიერი პირისთვის, გარდა თავად მომხმარებლისა და ამ მახასიათებლების გამომშვები პირისა;

21.4.Paysera არ ამუშავებს მონაცემებს გადახდის ინიციირების მომსახურების მიწოდებასთან კავშირში არ მყოფი სხვა რაიმე მიზნებისთვის;

21.5.Paysera აქვს წვდომა მხოლოდ გადამხდელის მომსახურე პროვაიდერისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე გადახდის ოპერაციის ინიციირების შესახებ, აგრეთვე გადახდის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციაზე;

21.6.Paysera-ს არ აქვს უფლება, შეცვალოს საგადახდო დავალებაში მითითებული გადახდის ოპერაციის თანხის ოდენობა, მიმღები ან სხვა მონაცემები;

21.7.Paysera ახორციელებს შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს პერსონალური მონაცემების შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან და ნებისმიერი სხვა უკანონო დამუშავებისგან დასაცავად, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით.

21.8.Paysera ახორციელებს შესაბამის ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული გადახდის ინიციირების მომსახურების გამოყენება იმ პირების მიერ, რომლებიც ცდილობენ თაღლითურად მოიპოვონ სახსრები ან დაეუფლონ მათ.

22. გადამხდელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია, ამუშავებს თუ არა Paysera მის პერსონალურ მონაცემებს. გადამხდელის პერსონალური მონაცემების დამუშავების შემთხვევაში, გადამხდელი უფლებამოსილია გაეცნოს აღნიშნულ პეროსნალურ მონაცემებს, მიიღოს ინფორმაცია თუ რომელი წყაროებიდან, რა მოცულობით და რა მიზნით მუშავდება მისი პერსონალური მონაცემები და ვის და რა მოცულობით მიეწოდება ან შეიძლება მიეწოდოს ისინი. გადამხდელი უფლებამოსილია მიიღოს Paysera-ს მიერ დამუშავებული თავისი პერსონალური მონაცემების ასლი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. გადამხდელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე Paysera კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს გადამხდელისთვის მომართვაში მოთხოვნილი მონაცემების წერილობით მიწოდებას ან ამგვარ მიწოდებაზე დასაბუთებულ უარს. კალენდარულ წელიწადში ერთხელ, მონაცემები შეიძლება მიწოდებულ იქნას უფასოდ, მაგრამ სხვა შემთხვევებში, შეიძლება დაწესდეს ანაზღაურება იმ ოდენობით, რომელიც არ აღემატება მონაცემთა შეგროვების/ უზრუნველყოფის ღირებულებას. გაიგეთ მეტი მონაცემებზე წვდომის უფლების და მისი პროცედურის შესახებ.

23. გადამხდელი უფლებამოსილია მოსთხოვოს Paysera-ს არასწორი, არაზუსტი პერსონალური მონაცემების გასწორება ან არასრული ინფორმაციის შევსება უფასოდ, წერილობითი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე.

24. გადამხდელს უფლებამოსილია მოითხოვოს თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მონაცემების წაშლა), თუ პერსონალური მონაცემები აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რისთვისაც ისინი იქნა მოპოვებული, ან პერსონალური მონაცემები დამუშავდა უკანონოდ, ან პერსონალური მონაცემები უნდა წაიშალოს სამართლებრივი ვალდებულების შესაბამისად. გადამხდელის უფლება მოითხოვოს თავისი პერსონალური მონაცემების წაშლა შეიძლება შეიზღუდოს Paysera-ს, როგორც ბანკის ვალდებულების (კანონმდებლობით დადგენილი ვადით შეინახოს მონაცემები კლიენტთა იდენტიფიკაციის, გადახდის ოპერაციების, დადებული ხელშეკრულებების და ა.შ. შესახებ)  შესრულების მიზნით.

25. გადახდის ინიციირების მომსახურების მიწოდების მიზნით, გადამხდელის პერსონალური მონაცემები ინახება 15 წლის განმავლობაში მისი მიღების შემდეგ.

26. პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მოპოვების, გასწორების, მონაცემთა შეზღუდვის, წაშლის  ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა  გადამხდელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგ ელ-ფოსტით მისამართზე: [email protected]. მოთხოვნის წარმდგენმა პირმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს მისი სრული სახელი და გვარი. Paysera-ს მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო ინფორმაცია: [email protected].

27. გადახდის ინიციირების მომსახურების მიწოდებისას, გადამხდელის მოწყობილობაზე ინსტალირდება აუცილებელი ქუქი-ფაილი PHPSESSID ვებ-სესიის ხანგრძლივობით, რაც უზრუნველყოფს MIP და/ან SIP მომსახურების სათანადო ფუნქციონირებას. გადამხდელს შეუძლია შეცვალოს თავისი ბრაუზერის პარამეტრები ისე, რომ ქუქი არ იქნას მიღებული ან წაიშალოს, თუმცა ასეთ შემთხვევაში გადახდის ინიციირების მომსახურება-ისა და/ან ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება-ის მომსახურება არ იქნება ხელმისაწვდომი ტექნიკური მიზეზების გამო.

დასკვნითი დებულებები

28. Paysera-ს მომსახურების სარგებლობამდე რეკომენდებულია, გადამხდელი გაეცნოს Paysera-ს მომსახურების უსაფრთხო სარგებლობის შესახებ რეკომენდაციებს.

29. წინამდებარე წესები ექვემდებარება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

30. გადამხდელს აქვს უფლება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარადგინოს საჩივარი ან პრეტენზია გაწეული საგადახდო მომსახურების შესახებ, Paysera-ს ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected]. გადამხდელის წერილობითი საჩივარი განიხილება არაუგვიანეს პრეტენზიის (საჩივრის) მიღებიდან ერთი თვის ვადაში. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია პასუხის მიწოდება 15 სამუშაო დღის განმავლობაში Paysera-ს კონტროლს მიღმა არსებული მიზეზების გამო, Paysera იძლევა არასაბოლოო პასუხს. ნებისმიერ შემთხვევაში, “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე  პრეტენზიაზე (საჩივარზე), რომელიც ექცევა საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველი კომისიის კომპეტენციაში, საბოლოო პასუხის წარდგენის ვადა არ გადააჭარბებს 35 სამუშაო დღეს.

31. თუ გადამხდელი არ არის კმაყოფილი Paysera-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გადამხდელს აქვს უფლება მიმართოს სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებებს და საჩივარი წარადგინოს Paysera-ს ზედამხედველ შესაბამის ორგანოში - საქართველოს ეროვნულ ბანკში (მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი http://www.nbg.gov.ge/cp, ცხელ ხაზი – 032 2 2 406 406)  შემდეგი გზით: 

31.1.საფოსტო გზავნილით შემდეგ მისამართზე: ზვიად გამსახურდიას სანაპირო #1, თბილისი 0114  საქართველო;

31.2.ელექტრონული ფოსტით: [email protected]

31.3.გაცნობებთ, რომ 2023 წლის 01 აგვისტოდან,  საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე  მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზიით კლიენტი უფლებამოსილია, Paysera-სთვის საჩივრით (პრეტენზიით) მიმართვის დღიდან არაუგვინეს 6 (ექვსი) თვის განმავლობაში,  ასევე მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით. 

31.4.გადამხდელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველი კომისიისათვის მიმართვის გარეშე. თუ დავა ვერ გადაწყდება მოლაპარაკების ან დავის გადაწყვეტის სხვა არასასამართლო გზით, დავას განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლო საქართველოს კანონით დადგენილი წესით, Paysera-ს რეგისტრირებული ოფისის მდებარეობის მიხედვით.

32. პირი Paysera-ს გადახდის ინიციირების მომსახურებით სარგებლობით ადასტურებს, რომ იგი იცნობს და ეთანხმება წინამდებარე წესებს.

33. Paysera იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე წესები. წესებში შესული ცვლილებები ძალაში შედის მათი Paysera-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნებიდან.